ლევან გოფოძე: შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება
“კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, შეიძლება ითქვას, მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ სამედიცინო ჰოლდინგის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე პაციენტების დიდი რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება.
„პანდემიის პირობებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეული რეორგანიზაცია განხორციელდა. ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ, მაგრამ ამას ჰქონდა განსაზღვრული დადებითი მომენტებიც იმიტომ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო აღიჭურვა უახლესი აპარატურით, მათ შორის ეს იყო რეანიმაციისთვის და კვლევებისთვის საჭირო აპარატურა. ჩვენ უკვე გვაქვს PCR ტესტირებისთვის საჭირო აპარატურა და ა.შ. გამოწვევები და პრობლემები, რა თქმა უნდა, რჩება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის, რომ კვლავ დატვირთულია რესპუბლიკური საავადმყოფო, საკმაოდ ბევრი პაციენტი გვყავს, მათ შორის, დაახლოებით 70 პაციენტი გვყავს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მძიმე პაციენტების ასეთი მაღალი რიცხვი, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია ამ წუთას, განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, რომ შემცირდეს, ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ მძიმე პაციენტების რაოდენობა, მაგრამ აუცილებლად ჩვენმა მოსახლეობამაც ხელი უნდა შეგვიწყოს”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.