„ფაიზერის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს 90%-ით ამცირებს

„ფაიზერის“ საბოლოო კვლევის მიხედვით, კომპანიის მიერ წარმოებული ,,კოვიდ-19”-ის საწინააღმდეგო აბები  ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს 90%-ით ამცირებს.

ბოლო კვლევებით დგინდება, რომ აბები ასევე ეფექტიანად მოქმედებს ახლად აღმოჩენილი „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევაშიც. გასულ თვეს, კომპანიამ კვლევის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც „ფაიზერის“ შექმნილი აბები, პლაცებო-ტაბლეტებთან შედარებით, 89 პროცენტით ეფექტიანი იყო, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემთხვევების პრევენციის მხრივ.

მათი თქმით, კვლევა 1200 პირს ჩაუტარდა, რომლის საფუძველზეც სათანადო დასკვნა გაკეთდა. ასევე ცნობილია, რომ კვლევებში მონაწილე არცერთი პაციენტი, რომლებსაც ახლად შემუშავებული პრეპარატით დაენიშნათ მკურნალობა, არ გარდაცვლილა, მაშინ, როცა პლაცებოთი მკურნალობისას 12 პირი დაიღუპა. პრეპარატის მოხმარებაში ჩაშვების შემთხვევაში, ახალი პრეპარატით მკურნალობა 5 დღის მანძილზე უნდა გაგრძელდეს და  პაციენტმა ყოველ 12 საათში ერთხელ უნდა მიიღოს ერთი აბი.

„გასაოცარი შედეგია, ჩვენ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისაგან ბევრ ადამიანს ვიხსნით. თუ ინფიცირების მომენტიდან მკურნალობა მალევე დაიწყება, ვირუსის გავრცელების დინამიკის შემცირებასაც მნიშვნელოვნად შევძლებთ“,- აღნიშნა „ფაიზერის“ წამყვანმა მეცნიერმა, მაიკლ დოლსტენმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ფაიზერმა“, ახალ პრეპარატზე საგანგებო ავტორიზაციის მოთხოვნით, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს უკვე მიმართა.  საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, უახლოეს კვირებში გახდეს ცნობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები