გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა წიაღის ეროვნული სააგენტოს სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა

„წიაღის ეროვნულ სააგენტოს” სახელი შეეცვლება და ის საქმიანობას „სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო”-ს სახელწოდებით განაგრძობს. ამას ითვალისწინებს  „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების” პროექტი.

 კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად  განიხილა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა.

 მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ოთარ დანელიამ განმარტა, რომ ცვლილება არ არის დაკავშირებული სააგენტოს დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ცვლილებებთან და ატარებს მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს. მისი თქმით, პირველი მოსმენისას გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულია და შესაბამისად აისახა დოკუმენტში.

 კანონპროექტიდან გამომდინარე, სახელის ცვლილებით გამოწვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდება ყველა იმ საკანონმდებლო აქტში, სადაც ფიგურირებს სააგენტოს დასახელება. კერძოდ ცვლილება შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში”, „რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” კანონში და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონში”. 

კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მას პარლამენტი  პლენარულ სხდომაზე ხვალ მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები