კელი დეგნანი: აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას
“პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა, თავისი როლის ფარგლებში, რაც კონსტიტუციით აქვს, წინ წამოწია ეს ინიციატივა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ინკლუზიური პროცესების დაწყებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პოლარიზაციის განმუხტვა გაჯანსაღების დასაწყისი იქნებოდა.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად დაახასიათა საქართველოში არსებული სიტუაცია, ბაიდენის დემოკრატიის სამიტზე მის შესანიშნავ გამოსვლაში. მან ისაუბრა გამოწვევებზეც და შესაძლებლობებზეც. ის გამოვიდა ინკლუზიური მმართველობის მოწოდებით. ის გამოვიდა პოლარიზაციის განმუხტვის მოწოდებით, დიალოგის მოწოდებით, რომელიც იქნებოდა გაჯანსაღების დასაწყისი საქართველოში. აშშ მოხარული იქნება, დაუჭიროს მხარი ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა პოლარიზაციის შემცირებას და რომელიც გაამთელებდა ღრმა დაყოფას. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა, თავისი როლის ფარგლებში, რაც კონსტიტუციით აქვს, წინ წამოწია ეს ინიციატივა, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.