არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითისა და გოლიათის ამბავს. დღეს კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ამ ისტორიაში სწორედ ამ როლში იყო და შეძლო ურთულესი პროექტის განხორციელება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში პროგრამის განხორციელების მონაცემებსა და შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, შთამბეჭდავია შედეგი, როდესაც 70 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადარჩა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგად. მათ შორის არიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ ინიციატივებს, შეუძლია წაშალოს და დაარღვიოს ის ხელოვნური ბარიერები, რომლითაც სამწუხაროდ, ოკუპაციის შედეგად დღეს ჩვენი საზოგადოება არის გაყოფილი. დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ არც ერთი საქმე, ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში არ არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები ც ჰეპატიტის გამო და ბარიერების გამო უჩივიან საკუთარ სახელმწიფოს. ეს გახლავთ დიდი მიღწევა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო წარმატებული, რომ ის ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსის წერტილში გახლდათ მიღებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცესპიკერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროგრამის განხორციელებაში, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებსა და პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს და სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო პოლიტიკური ნება ამ პროგრამის დასაწყებად, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა როგორც სამეცნიერო, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით.

ინიციატივით C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა – დავით სერგეენკომ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – კელი დეგნანმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დარგის ექსპერტებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებმა.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები