დავით სერგეენკო: საქართველოში C ჰეპატიტი გავრცელებული და ფატალური დაავადებიდან შედარებით იშვიათ და მართვად დაავადებად იქცა

C ჰეპატიტი საქართველოში გავრცელებული და, ერთგვარად, ფატალური დაავადებიდან შედარებით იშვიათ და მართვად დაავადებად იქცა. ავადობა 5-ჯერაა შემცირებული, რაც ძალიან სასიხარულოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროგრამის დაწყებამდე, 150 000-დან მხოლოდ 12-მა ადამიანმა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობა, დღეს კი 100 000-მდეა იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც ამ პროგრამით ისარგებლეს.

„2015 წლის 21 აპრილს საქართველოში დაიწყო პროგრამა, რომელიც, თავისი მნიშვნელობით, მართლაც გამორჩეული იყო. პროგრამის დაწყებამდე, 150 000 ადამიანიდან საქართველოში სულ 12-მა შეძლო საკუთარი ხარჯებით მკურნალობა. ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. C ჰეპატიტი საქართველოში გავრცელებული და, ერთგვარად, ფატალური დაავადებიდან შედარებით იშვიათ და მართვად დაავადებად იქცა. ავადობა 5-ჯერაა შემცირებული, რაც ძალიან სასიხარულოა“, – აღნიშნავს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია “გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები