არჩილ თალაკვაძე – ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე: გადაწყვეტილებას პრემიერი მიიღებს – მსურს, ვურჩიო ყველა მოქალაქეს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია

“გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს”, – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რამდენად განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა.

ამასთან, თალაკვაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მე ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მე ვთვლი, რომ „მწვანე პასპორტი“ არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიციატივა. მიმაჩნია, რომ წახალისების ეს ფორმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოქალაქეების პასუხისმგებლობას, რომ აიცრან და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომელიც არსებობს. „მწვანე პასპორტი“ უკავშირდება ვაქცინაციის სტატუსს და მსურს ვურჩიო ყველა მოქალაქეს, რომ ჩაიტაროს ვაქცინაცია“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები