„საკმაოდ მძიმე ზამთარი გველის, „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს“ – ალექსანდრე გოგინავა

“COVID 19-ის ახალი შტამი, „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, ასევე, ახასიათებს უფრო მაღალი რეინფექციის რისკი, ანუ ხელახალი დაინფიცირების რისკი აქვს უფრო მაღალი, ვიდრე ეს ჰქონდა „დელტა“ შტამს, ეს ეხება როგორც გადატანილი დაავადების შემდეგ, ასევე – სამწუხაროდ, ვაქცინაციის შემდეგაც. ამიტომ, ეს არის საყურადღებო”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგინავას თქმით, საქართველოში ვაქცინით მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი რისკებს კიდევ უფრო ზრდის. ამიტომ, როგორც ინფექციონისტი აცხადებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს.

„ზოგადად ვიცით, რომ ახალი შტამი – „ომიკრონი“ არის დიდი გლობალური გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოც მსოფლიოს ნაწილია. არის ინფორმაცია, რომ, ზოგადად, „ომიკრონი“ რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, აქედან გამომდინარე, რისკები, რომ ის საქართველოში გავრცელდება, მაღალია. ეს მოხდება უახლოეს ორ კვირაში თუ ერთ თვეში, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რა დინამიკითაც ეს ახალი შტამი ვრცელდება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი მალე მოხდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი რეაგირება როგორი იქნება როგორც სახელმწიფოსი და ჯანდაცვის სისტემის, ასევე, მთლიანი საზოგადოების. ვიცით ერთი რამ, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება, ასევე ახასიათებს უფრო მაღალი რეინფექციის რისკი, ანუ ხელახალი დაინფიცირების რისკი აქვს უფრო მაღალი, ვიდრე ეს ჰქონდა „დელტა“ შტამს, ეს ეხება როგორც გადატანილი დაავადების შემდეგ, ასევე, სამწუხაროდ, ვაქცინაციის შემდეგაც. ამიტომ, ეს არის საყურადღებო.

პირველ ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან გავრცელდეს ეს შტამი საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს საზღვრები, განსაკუთრებით – იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია ახალი შტამის გავრცელება, პირველ ყოვლისა, ეს არის მნიშვნელოვანი.
მეორეა ვაქცინაციის პროცესი. კვლევები აჩვენებს, რომ, ძირითადად, ეს ახალი შტამი და, ზოგადად, კორონავირუსი ვრცელდება იმ რეგიონებსა და იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი კიდევ უფრო ზრდის რისკებს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი წავიდეს უფრო აქტიურად, რათა ჩვენ მეტ-ნაკლებად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ასევე ზოგადი რეკომენდაციები – ეს არის პირბადის ტარება, დისტანცირება, იმიტომ, რომ ეს არის მექანიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის რესპირაციული ინფექციების გავრცელებას, მათ შორის „ომიკრონის“ გავრცელებასაც შეუშლის ხელს“, – განაცხადა გოგინავამ.

მისივე თქმით, იმ მონაცემებით, რა მონაცემებიც ამ ეტაპზე გვაქვს, საკმაოდ მძიმე ზამთარია მოსალოდნელი.

„შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი: სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი, ამიტომ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

როგორც გოგინავა აცხადებს, უვადო კოვიდპასპორტის მინიჭება გაუმართელებელია.

„უვადო კოვიდთან მიმართებით არაფერი შეიძლება, იყოს იმიტომ, რომ არ ვიცით ბოლომდე მისი მიმდინარეობა, თუ რამდენ ხანს ნარჩუნდება ბუნებრივად გადატანის გზით შეძენილი იმუნიტეტი. არის კვლევები, რომ მაქსიმუმ 16-17 თვე. აქედან გამომდინარე, უვადო პასპორტის მინიჭება ერთხელ გადატანილზე არის, ჩემი აზრით, გაუმართლებელი და გადასახედია ეგ საკითხი“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები