ალუდა ღუდუშაური: ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ?!

“მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია მძიმე დანაშაულებში და ძალიან დიდი წერტილი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური მესამე პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების შეხვედრას გულისხმობს.

მისივე თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

„ქალბატონ ზურაბიშვილს ახლა უწოდებენ ხომ პრეზიდენტს, როცა სჭირდებათ, როგორმე სააკაშვილის შეწყალებას მიაღწიონ?! უხერხულია, არათანმიმდევრულია. ვხედავთ, ინსტიტუციებზე როგორი შტურმი ხორციელდება და მეორე წუთს მათ უხერხულობას არ უქმნის ის, რომ ისაუბრონ პოლიტიკურ შერიგებაზე. საზოგადოებას თვალში ნაცარს ნუ შევაყრით და შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, რომელიც იმაზე ბრძენია, ვიდრე წარმოუდგენია “ნაციონალურ მოძრაობას”. რა დასხდომასა და გადაწყვეტილების მიღებაზეა საუბარი, მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამავდროულად მსჯავრდებული მძიმე დანაშაულებში, აქ დასრულდა ეს და ძალიან დიდი წერტილი. რაც შეეხება მარგველაშვილს, არ ღირს ამაზე კომენტარების გაკეთება, ის არის ყოფილი პრეზიდენტი და აქაც წერტილი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მან თავის პოზიცია დააფიქსირა – „არა და, არასდროს” და მორჩა და გათავდა, რაზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები