ნათია თურნავა: თუკი ჩვენს რეგიონში რომელიმე სახელმწიფო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო
ის პათოსი, რომელიც იკითხება კონგრესმენების წერილში ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი მუშაობის შედეგიც, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ამერიკელი კონგრესმენების მიმართვაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონგრესმენების წერილი არის ძალიან დროული და მისასალმებელი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რაოდენ დიდია აშშ-ის მთავრობისა და კონგრესის მხარდაჭერა საქართველოსა და სახელისუფლებო გუნდის მიმართ.
„თუკი რომელიმე სახელმწიფო ჩვენს რეგიონში დღეს არის სრულად მზად დაიწყოს მოლაპარაკება და ხელი მოაწეროს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ეს რა თქმა უნდა არის საქართველო. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ ამისთვის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრომაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობასთან, რათა ყველა წინაპირობა დამდგარიყო იმისთვის, რომ გადავიდეთ უშუალოდ მოლაპარაკებაზე“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენებმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით მიმართეს.