გიორგი სოსიაშვილი – „პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა მხოლოდ ვაქცინაციაა და მას ალტერნატივა არ აქვს“

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტურ კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ გორშიც შეუერთდნენ. როგორც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიება ჩაატარეს.

მისი თქმით, ადმინისტრაცია დიდი სიამოვნებით უერთდება ამ აქციას იმიტომ, რომ ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასასრულის წარმოდგენა შეუძლებელია.

„ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ყველანი აცრილები ვართ, მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გავუმკლავდეთ ამ ვერაგ ეპიდემიას, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს. ასე რომ, ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს და ვუერთდებით აქციას –  „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.

კოვიდის გამოწვევასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთი ჩართვა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, შევხვდით ამირან გამყრელიძეს.  გარდა ამისა, ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობთ სტუდენტებთან და ვახსენებთ მათ, რომ სწავლის დაწყების და აუდიტორიებში სწავლის პროცესის დაბრუნების ერთადერთი გზა და  გამოსავალი არის ვაქცინაცია. ვუხსნით, რა არის აცრა და რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს და, შესაბამისად, ყოველდღიურად ვაქცინაციის ზრდის ტენდენციაც გვაქვს.

სხვათა შორის, გამოვიდა ჩემი წიგნი „საქართველოში ეპიდემიების გავრცელების ისტორია“. მე ამ საკითხებზე ვმუშაობდი და პანდემიის მძვინვარების პერიოდში დიდი მონოგრაფია დავწერე.  ამასაც გაეცნენ ჩემი სტუდენტები.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: „კოვიდ 19“-ის, ამ ვერაგი პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა მხოლოდ ვაქცინაციაა და მას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, რაც მალე აიცრება ჩვენი საზოგადოება და რაც მალე მიიღებს თითოეული მათგანი ამ გადაწყვეტილებას, უფრო მალე დასრულდება ეს ყველაფერი და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ეს არის ჩემი, როგორც რექტორის, როგორც მწერლის, როგორც მეცნიერის მოწოდება ჩვენი საზოგადოებისადმი“, – განაცხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები