ნინო ლომჯარია: 5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა

მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებზე თავდასხმა.

„მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, შემაშფოთებელია ის საფრთხისშემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წელს სახალხო დამცველმა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი – კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები