კახა კალაძე – ერიკა ოლსონზე: მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია

„არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა.

„გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა. ეს, უბრალოდ, ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.

„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე გუშინ ერიკა ოლსონის განცხადებას.

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კომენტარი შეურაცხყოფად მიიჩნია.

„საგარეო პოლიტიკა შეურაცხყავით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას,“ – დაწერა იან კელიმ “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები