საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ერიკა ოლსონს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ხანგრძლივი შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს. მხარეებმა, მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს.

ერიკა ოლსონი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქართველი დეპუტატების ხედვით დაინტერესდა. ქართულმა დელეგაციამ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ზოგადად, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის მიერ ძალის გამოყენებით, გავლენის დაბრუნების მცდელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე „3+3″ ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაბრეს, რომელიც 10 დეკემბერს მოსკოვში უნდა გაიმართოს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში. ერიკა ოლსონთან შეხვედრისას, განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებით სამომავლო განვითარების შესაძლებლობები. ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე. ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას.

როგორც აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში. შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობას და როგორც აღინიშნა, ეს შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში, პოლიტიკური პარტიების ურთიერთთანამშრომლობით, საგმობრივი მსჯელობებით და დისკუსიებით. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა.

„ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები