კახა კუჭავა: ეკა ტიკარაძეს არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების
“როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება, ის 3 წელი იყო მინისტრი და სამი წლის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის სავარაუდო მიზეზებზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, ტიკარაძე იყო რეფორმატორი მინისტრი, რომელსაც თამამი გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინოდა.
„გუშინ ბრიფინგი ყველამ მოისმინეთ, ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება. როცა ჩვენ ფორმატებში ვიკრიბებოდით, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. არა მხოლოდ ტიკარაძის, არამედ ნებისმიერი მინისტრის გადადგომაზე და ა.შ ყოველდღე მიდის ჭორაობა და ადრე თუ გვიან, ეს როცა ხდება, მერე ამბობთ რომ „ხომ ვამბობდითო“?! სამი წელია ეს ადამიანი ჯანდაცვის მინისტრი იყო, სამი წლის შემდეგ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მე პირადად ძალიან ბევრ ფორმატში მათთან ერთად როცა მქონდა შეხვედრები და კომუნიკაცია, არც კი მიგრძნია რაიმე სახის დაპირისპირება.
არ მაქვს ინფორმაცია – ვინ შეცვლის ტიკარაძეს, ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრი მიიღებს, რადგან პარლამენტის დამტკიცება არაა საჭირო, ჩვენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის მსოფლიო გამოწვევა – პანდემია და საქართველოსაც ამ კუთხით ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილებების ეტაპი. ბევრი კმაყოფილი იყო, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი. ეკა ტიკარაძე იყო ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თამამი რეფორმების გატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების“, – განაცხადა კუჭავამ.