სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა მხარეებს პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდა.
ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, მას რაიმე საპროცესო ღონისძიების გატარების და მკაცრი ფორმების გამოყენება არ სურს.
„მოგიწოდებთ მაქსიმალურად პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარებისკენ. იყავით კორექტულები და პატივი ეცით ერთმანეთს. ყოველგვარი ამ წესის დარღვევა იწვევს წესრიგის დარღვევას. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შემიძლია, გამოვიყენო კანონით გათვალისწინებული ზომები. მაქსიმალურად მობილიზებულია სასამართლო, რომ პროცესი კონსტრუქციულ გარემოში წარიმართოს, მაგრამ მხარეებმა უნდა შემიწყონ ხელი. ეს არ უნდა იყოს იმგვარი, რომ მე გამიჭირდეს მოწოდების გარეშე თქვენი დაწყნარება და საპროცესო ზომები გამოვიყენო. ამისთვის მე მოწადინებული და მონდომებული არ ვარ“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილიც ესწრება.