არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის გამოსვლა იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა – სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის გამოსვლა იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა – სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა.
“მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არა თუ ტელეკამერების და ჟურნალისტების სასამართლოს შენობაში ყოფნა, მით უმეტეს, სასამართლო დარბაზში და რაიმე სხდომის ტრანსლაცია, წარმოუდგენელი უტოპია იყო. სასამართლო სრულად ჩაკეტილი იყო, არავითარი დაშვება იქ არ ჰქონდა მედიას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად სრულიად გამჭვირვალედ აჩვენებს, თუ რა ხდება სასამართლოში, მათ შორის, პირდაპირ ეთერში გადასცემს სხდომებს. სააკაშვილის დროს ოთხი ტელევიზია მაუწყებლობდა საქართველოს მაშტაბით და 20-მდე ტელევიზია რეგიონის მასშტაბით. ყველა ხელისუფლების მხრიდან კონტროლის ქვეშ იყო, ჰყავდა ერთი პოლიტიკური პროდიუსერი. დღეს არის 20-ზე მეტი ტელევიზია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და 120-ზე მეტი რეგიონული მაუწყებელი. ყველას გაქვთ საშუალება, მოვლენები გააშუქოთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ საჭიროდ. ზოგ შემთხვევაში არ ვეთანხმებით ტელევიზიებს ამოფარებული, ყოფილი ჩინოვნიკების და პარტიული პროდიუსერების სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ, დემოკრატიის სტანდარტიდან გამომდინარე, მედიასთან ყველა სტანდარტს ვიცავთ.
სააკაშვილის გამოსვლაში არავითარი სინანული არ იყო და არც ველოდით, რომ რაიმე სინანული იქნებოდა. გუშინდელი გამოსვლა ემსახურებოდა ერთადერთს, რომ მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ აკადრა ის არგუმენტები, რომელიც მოვისმინეთ. ეს იყო პოლიტიკური გამოსვლა და არა სასამართლოზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების მცდელობა. სასამართლოში მისვლაც გამიზნული იყო, რათა მას პოლიტიკური პერფორმანსი მოეწყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.