საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს “ნაციონალური მოძრაობის” საბოტაჟს უწოდებს.
მისი თქმით, ის პროცესები, რომელიც საკრებულოებში მიმდინარეობს, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
“ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას. პოლიტიკურად, “ნაციონალურ მოძრაობას” როდესაც სურს, მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ”, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს. აქციების მიმდინარეობისას მონაწილეები სამართალდამცველებს ფიზიკურად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. შედეგად შსს-მ ზუგდიდში 2, ხოლო აჭარაში 4 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.