საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება „ლოკდაუნის“ თავიდან ასაცილებლად
საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა ახალი კოვიდრეგულაციების ამოქმედების შესახებ პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ ახალი კოვიდრეგულაციების ამოქმედება იგეგმება, რადგან ქვეყანაში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, რეკორდულად მაღალი, ინფიცირების მაჩვენებელი ფიქსირდება.
მისი თქმით, მთავრობა ამ ეტაპზე, სხვა ევროპის ქვეყნების მსგავსად, არ განიხილავს ე.წ. ლოკდაუნის ამოქმედებას. მან ასევე განმარტა, რომ ამ დროისთვის საფრანგეთის მთავრობაში ახალი რეგულაციების შემოღების თაობაზე დისკუსიები მიმდინარეობს, ყველაფერი კეთდება, რომ „ლოკდაუნის“ შემოღება აუცილებელი არ გახდეს.
მისი თქმით, კოვიდრეგულაციების გამკაცრების ნაცვლად, მთავრობა გეგმავს სოციალური დისტანცირების საკითხის კიდევ უფრო გამკაცრებას და გაკონტროლებას და მოსახლეობას „ბუსტერდოზებით“ აცრისკენ მოუწოდებს. ასევე, გამკაცრდება ე.წ. მწვანე პასპორტების გაცემის რეგულაცია.
„უნდა დავიცვათ საფრანგეთის მოსახლეობა, აუცილებელია, მოვუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რათა საშობაო ღონისძიებების გადადება არ მოგვიწიოს და გავუძლოთ ამ ზამთარს“, – განაცხადა გაბრიელ ატალმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ, გასული კვირის მონაცემებით, საფრანგეთში ყოველდღიური ინფიცირების საშუალო მაჩვენებელი 20 ათასს გაუტოლდა, რაც პირველად ხდება აგვისტოს შემდეგ.
წყარო: https://www.bbc.com/news/live/world-59398909