სტამბოლში საპროტესტო აქციებზე 40-ზე მეტი პირი დააკავეს

სტამბოლში გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 40-ზე მეტი პირი დააკავეს.

გამოცემა Duvar-ის ინფორმაციით, სტამბოლში კადიქოიოს, შიშლის, ბაქირქოიის, ავჩილარისა და ბეილიქდუზუს რაიონებში უკვე ორი დღეა,  ეროვნული ლირის გაუფასურებასა და ფასების მკვეთრ ზრდას აპროტესტებენ.

აღნიშნულია, რომ შეკრებილები სკანდირებდნენ: „ხელისუფლება უნდა გადადგეს“, „ჩვენ ქვეყანას ყაჩაღებისა და ქურდების ხროვას არ დავუტოვებთ“, „ვეღარ ვახერხებთ თავის რჩენას“.

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ: “პოლიციელებო, წადით, ეს ქუჩები ჩვენია”.

ანკარასა და სტამბოლში სტიქიური საპროტესტო აქციები მოჰყვა თურქეთის ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას.

23 ნოემბერს თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით 15%-ით გაუფასურდა. 1 ამერიკული დოლარის ფასმა 13 ლირას გადააჭარბა.

ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეპ თაიფ ერდოღანის ზეწოლით, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. მიუხედავად ეკონომისტების გაფრთხილებისა, რომ ეს ინფლაციას გააძლიერებს, ერდოღანი მიიჩნევს, რომ პირიქით, მსგავსი ზომები ინფლაციასთან ბრძოლას ეხმარება. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ “დამოუკიდებლობისთვის ეკონომიკურ ომში” გამარჯვებას აპირებს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის სავალუტო ბაზარზე ლირის გაუფასურებას არარეალური, არაჯანსაღი და ეკონომიკურ საფუძველს მოკლებული უწოდა და განაცხადა, რომ თურქეთში მცურავი გაცვლითი კურსია და მის განსაზღვრაში არ ერევა.

2021 წლის დასაწყისიდან თურქეთის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით, დაახლოებით, 40%-ითაა გაუფასურებული. ამ წლის სექტემბრის მონაცემებით, თურქეთში ინფლაცია 20% იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები