გია ვოლსკი: სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში – პირველ ადგილზე, სერიოზული პოლიტიკოსი ახალი კოლეგიის შექმნაზე არ უნდა მსჯელობდეს
“სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში – პირველ ადგილზე, სერიოზული პოლიტიკოსი ახალი კოლეგიის შექმნაზე არ უნდა მსჯელობდეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია, ვოლსკი მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილი სპეციალურმა კოლეგიამ გაასამართლოს, სადაც უცხოელი მოსამართლეები იქნებიან წარმოდგენილნი.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
“სამართლებრივი გზა გათავისუფლების არ არსებობს, განსაკუთრებით – მას მერე, რაც პრეზიდენტის ობიექტური და საფუძვლიანი განცხადება მოვისმინეთ. თუ რაიმეზე ეჭვები აქვთ, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სტრასბურგის ვერდიქტი იყო უსაფუძვლო, რასაკვირველია, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კვლავ საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ და ეს საკითხები დააყენონ დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც ახალი კოლეგია შეიქმნას სახელმწიფოში, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავეა და რეგიონში პირველ ადგილზე, ამაზე არ უნდა მსჯელობდეს ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკოსი, რომ რაღაც სხვა სასამართლო შეიქმნას, რომელიც ჩვენს სასამართლო სისტემაში არ არის გათვალისწინებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.