“ვარდების რევოლუცია” – პერფორმანსი და ბანერი ბარათაშვილის, მშვიდობისა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდებზე
ბარათაშვილის, მშვიდობისა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდებზე მოქალაქეებმა ბანერები გადმოფინეს წარწერით: „ვარდების რევოლუცია“.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ. ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, “ვარდების რევოლუციის” დროს უამრავი რეფორმა გატარდა.
“18 წლის წინ დაიწყო რეალური თავისუფლებისთვის ბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ და დღეს ამ გამარჯვების სიმბოლო მიხეილ სააკაშვილი რუსების მიერ არის დატყვევებული. “ვარდების რევოლუციამ” სერიოზული ცვლილებები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, უამრავი რეფორმა გატარდა და დღესაც იმ ცვლილებებიდან გამომდინარეა, თუ რამე სული უდგას ამ ქვეყანას”, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს 17:00 საათზე მოაწყობენ.