ელდარ პირმისაშვილი: პრემიერის სამივე ინიციატივა – დასაქმებაზე, სააფთიაქო ნარკომანიისა და ონლაინ კაზინოების კონტროლზე, ძალიან საინტერესო და დროულია

კარგია, რომ მთავრობა გადავიდა ახალი ინიციატივების გაჟღერებაზე, რადგან არჩევნებმა ჩაიარა და ახლა უკვე საზოგადოებაში მოლოდინი არის იმისა, რომ ძალიან მუშა პროცესი დაიწყება ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ “კვირას” საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტმა ელდარ პირმისაშვილმა პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, სამივე ინიციატივა ძალიან საინტერესო და დროულია.

როგორც PR-ის სპეციალისტმა აღნიშნა, ახალგაზრდები მომავალი თაობაა, რომელიც მერე ქვეყნისთვის ქმედითუნარიანი უნდა იყოს, როგორც ინტელექტუალურად, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც, ამიტომ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის გამკაცრება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“სააფთიაქო ნარკომანია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ალბათ სწორედ ამ მიზნით პრემიერმა შეისწავლა თემა სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ვფიქრობ, საზოგადოებაში საკმაოდ კარგად იქნება ეს ინიციატივა აღქმული, რადგან ბოლო დროს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. თუ იქნება სამთავრობო დონეზე და ამას დაექვემდებარებიან სააფთიაქო ქსელები, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ეს ძალიან პოზიტიური გზავნილი იქნება.
ახალგაზრდები მომავალი თაობაა, რომელიც უნდა იყოს მერე ქმედითუნარიანი ქვეყნისთვის, არა მარტო ინტელექტუალურად, არამედ ჯანმრთელობის კუთხითაც. ასე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ამ გზავნილების გაჟღერება იმ კუთხით, რომ იყოს ზრუნვა გამოხატული”, – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.

მისი შეფასებით, ადამიანების სუბსიდირებას მოკლევადიანი ეფექტი აქვს, შესაბამისად, სოციალური პროგრამის ამოქმედება, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის იქნება შვება, რომელთაც სურთ დასაქმება და ამის ყველანაირი შესაძლებლობაც აქვთ.

“ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებში, რომელიც ჩვენს საკითხებს იკვლევს ყოველთვის იყო, რომ ადამიანების სუბსიდირებას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ბაზისური მოთხოვნილებები მოგვარებული აქვთ და არ უნდათ რომ მხოლოდ და მხოლოდ შემწეობასა და სახელმწიფოზე იყვნენ ჩამოკიდებული, არამედ უნდათ, რომ დასაქმდნენ, მე ვფიქრობ, შვება იქნება, რადგან რეალურად ისინი ძალიან დიდ სარგებელს მიიღებენ. როგორც ვიცი, თან სწავლის კომპონენტი იქნება ამ პროგრამაში და თან დასაქმებაც იდეალური იქნება მათთვის”, – თქვა პირმისაშვილმა.

რაც შეეხება, ონლაინ კაზინოების მუშაობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივას, პირმისაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად დამოკიდებული ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც, შესაბამისად თუ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდება, ნიშნავს, იმას რომ მთავრობა არა მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალზე ფიქრობს.

“ეს სამი თემა – დასაქმება, სააფთიაქო ნარკომანია და ონლაინ კაზინოები, არა მხოლოდ ახალგაზრდებს, მთლიანად ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს. ხელმისაწვდომობა მსოფლიოში არ არის მარტივი, იგივე სააფთიაქო ნარკომანიაზე, იგივე ონლაინ კაზინოებზე, დაწესებულია გარკვეული ასაკობრივი ზღვარი. რეკლამირების თემა არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული – სად უნდა იყოს, როგორ და როდის. შესაბამისად, ეს თუ გამკაცრდება საზოგადოება დაინახავს, რომ მთავრობა ზრუნავს მათზე და უფრო პერსპექტივაში იყურება მომავალში, რომ ახალგაზრდებში დღეს დამოკიდებულება, ხვალ გაცილებით ძვირი უჯდება, როგორც ოჯახს, ასევე მთლიანად ქვეყანას. აქედან ​გამომდინარე, დამოკიდებული ადამიანი, იქნება ეს აზარტულ თამაშებზე თუ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, დიდ პრობლემას უქმნის არა მარტო საკუთარ თავს, არამედ, გარშემომყოფებს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

სამივე ინიციატივა ძალიან საინტერესო და დროულია. კარგია, რომ მთავრობა გადავიდა ახალი ინიციატივების გაჟღერებაზე, რადგან არჩევნებმა ჩაიარა და ახლა უკვე საზოგადოებაში მოლოდინი არის იმისა, რომ ძალიან მუშა პროცესი დაიწყება ყველა მიმართულებით”, – განუცხადა “კვირას” ელდარ პირმისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამი საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ესენია: ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გამკაცრება, რომლის აღსრულებასაც თავად გააკონტროლებს; ონლაინ კაზიონების მუშაობის გამკაცრება გარკვეული რეგულაციებით, ხოლო შემდგომ მათი საერთოდ აკრძალვა და მესამე – სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანები დასაქმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები