ნინა პერტენავა: მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა – გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა

ბლოგერი და influencer.ge-ს დამფუძნებელი, ნინა პერტენავა პრემიერის ინიციატივას, გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, მიესალმება და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ ამ მექანიზმის ამოქმედების შემდგომი ნაბიჯი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამკურნალო დაწესებულებების გახსნა იქნება.
“ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო გაყიდვის საკითხი ნამდვილად მისახედია, საკმაოდ მტკივნეულად დგას ეს თემა ჩვენი საზოგადოების წინაშე. 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი და ვიცით, რა ტრაგედიები ხდებოდა იმ პერიოდში. როგორც ვიცი, კვლევების მიხედვით, დღეს უფრო მეტი არის ასეთი შემთხვევა, ვიდრე მაშინ იყო. ეს ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს მომავალში, ამიტომ, ამაზე თუ იქნება რეაგირება, მისასალმებელია.
ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებებით სამკურნალო დაწესებულებების გახსნა. როგორც მახსოვს, ადრე იყო ამაზე საუბარი და შემდგომი ნაბიჯი, ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს – კარგი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამკურნალო დაწესებულებების გახსნა. როდესაც სწორი ნაბიჯებით მიუდგები პრობლემის გადაჭრის გზას, მერე უკვე მარტივია – მართო სიტუაცია, რათა არ გაუმწვავდეთ ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს პრობლემა.
რაც შეეხება ახალგაზრდებში ნარკოტიკული ნივთიერებების გახშირებულ მოხმარებას. ზოგადად, ძალიან სტრესული გარემოა და ხშირად აქვთ ადამიანებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს სურვილი – გაექცნენ რეალობას, მით უფრო, პანდემიის პირობებში. არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც მომატებულია დეპრესიების და ფსიქოზების რაოდენობა. თუ არ იქნება ფსიქოტროპული საშუალებები ხელმისაწვდომი, ძალიან კარგი იქნება.
​მარტო აფთიაქებში ხომ არ არის, აქტიურად ხდება ამ ნივთიერებების ონლაინ გაყიდვა და ესეც აუცილებლად გასაკონტროლებელია. ასევე, მნიშვნელოვანია არაქსელურ, ე.წ. უბნის აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გაკონტროლება. ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ და არ მგონია, ეს პრობლემა იყოს. მთავარია, სწორად მიმართოს ხელისუფლებამ ენერგია და ძალები”, – განუცხადა “კვირას” ნინა პერტენავამ.
შეგახსენებთ, მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს, რის აღსრულების საკითხსაც ის თავად გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები