“აფხაზეთი იქნება აღიარებული მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ” – თურქმა დეპუტატებმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატებს უმასპინძლეს

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები თურქეთის პარლამენტში იმყოფებოდნენ, რაც ე.წ. დეპუტატმა, ასტამურ ლოგუამ “ისტორიულ მოვლენად” შეაფასა.

მისი თქმით, შეხვედრა გაიმართა არა მხოლოდ აფხაზური წარმოშობის კანონმდებლებთან, არამედ – თურქეთის პარლამენტის სხვა დეპუტატებთანაც.

ლოგუას თქმით, “კოლეგებთან ერთად განვიხილეთ არაერთი ერთობლივი ინიციატივა და, ღვთის ნებით, მომავალ წელს თურქეთის პარლამენტის წევრების დიდი დელეგაცია ეწვევა აფხაზეთს და გავაგრძელებთ კონტაქტებს”.

მისი თქმით, არავის გამოუვა, მსოფლიოსთან “აფხაზეთის კომუნიკაციას შეუშალოს ხელი”.

„წელიწადს, ორს, სამ წელს დაბლოკავენ, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევთ, აფხაზეთი იქნება აღიარებული მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – დარწმუნებულია ლოგუა.

მისივე ინფორმაციით, “თურქ დეპუტატებთან ერთად განვიხილეთ არაერთი კულტურული ღონისძიება, რომელიც გაიმართება როგორც აფხაზეთში, გამორჩეული სტუმრების მონაწილეობით, ასევე – თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჩემი აზრით, ეს არის დიდი მეგობრული გზის დასაწყისი”.

ასევე, როგორც ირკვევა, აფხაზურმა ე.წ. დელეგაციამ შეხვედრები გამართა თურქეთის პოლიტიკურ რიგ პარტიასთან, რა დროსაც განიხილეოდა რეგიონის ქვეყნების ექსპერტებისა და საპარლამენტო საზოგადოების ჩართულობით მრგვალი მაგიდების გამართვის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები