ანდრია ჯაღმაიძე – პრემიერის ინიციატივაზე: 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს.
„მივესალმები. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იმავე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა – იზრდებოდა. მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია, დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რომლებიც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და, ზოგადად, ოჯახებს ამ სენისაგან“, – წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ, პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა იგეგმება, მეორე ეტაპზე კი – საერთოდ აკრძალვა.