უკრაინაში ძებნილთა სიაში შეყვანილი პირი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი გახდა – ვინ არის ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დე ფაქტო პირველი პრეზიდენტის, ასლან არძინბას ნათესავი, 31 წლის ინალ არძინბა გახდა.

წინამორბედის, დაურ კოვეს ე.წ. თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი “სხვა სამსახურში გადაყვანა გახდა”.

ინალ არძინბა 1990 წელს სოხუმში დაიბადა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადიმერ პუტინის მრჩევლის, ვლადისლავ სურკოვის მოადგილედ 2014-2018 წლებში მუშაობდა, დსთ-ის ქვეყნებთან, ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში, ასევე, უკრაინის განყოფილებას კურირებდა. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არძინბას ახალი წოდება მიანიჭა – მესამე კლასის აქტიური სახელმწიფო მრჩეველი. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, წოდება ენიჭება უვადოდ და შეესაბამება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებას.

ასევე, 2018 წელს არძინბა გახდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის ქვეშ შექმნილი ახალგაზრდობის საქმეთა რელიგიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე.

გასული წლის იანვარში არძინბამ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი პარტიის შესაძლო შექმნის შესახებ განაცხადა, თუმცა, აღნიშნა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებდა.

აღსანიშნავია, რომ ინალ არძინბა 2015 წლიდან უკრაინის მიერ ძებნაშია გამოცხადებული. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის წინასწარ გამოძიებას ემალება.

2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მომზადების, თანამოაზრეების დაქირავებისა და ოდესის ოლქში “ბესარაბიის” სუვერენული სახელმწიფო ერთეულის გამოცხადების წინაპირობის შექმნისთვის, ასევე, “დონეცკის” ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვასილი გრიცაკმა მაშინ არძინბას უწოდა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე “ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის” შექმნის კურატორი. უკრაინაში ტერორისტულ აქტებში არძინბას მონაწილეობის შესახებ განცხადებებს უწყების კიდევ ერთი ყოფილი უფროსი, ვალენტინ ნალივაიჩენკოც აკეთებდა.

2016 წლის ნოემბერში ICTV-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გრიცაკმა თქვა, რომ პროექტს ხელმძღვანელობდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პირველი მოადგილე – ინალ არძინბა, რომელიც ხშირად აწუხებს უკრაინას რუსეთის ხელმძღვანელობის სახელით.

მან ასევე განაცხადა, რომ პუტინის პოლიტიკური გარემოცვა აწარმოებს აპარატურულ ომს ФСБ-ს წინააღმდეგ უკრაინაზე კონტროლისთვის.

“ფაქტობრივად, ორგანიზაციას მოსკოვიდან აკონტროლებდნენ, რადგან ამის საკმარისი მტკიცებულება გვაქვს. “ბესარაბიის” პროექტის კურატორი იყო 1990 წელს დაბადებული ახალგაზრდა – ინალ არძინბა, რომელიც ხშირად აწუხებს უკრაინას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებით”, – თქვა გრიცაკმა.

2016 წლის ნოემბერში, იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული სახელმწიფოებრიობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანატოლი დუბლიკი აცხადებდა, რომ ინალ არძინბა არის უკრაინის დესტაბილიზაციის გეგმის უშუალო ხელმძღვანელი და იმ აქციების ორგანიზატორი, რასაც უკრაინაში ვადამდელი არჩევნები უნდა მოჰყოლოდა.

“ბესარაბიის პროექტს” თავის დროზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ეხმიანებოდა.

ტელეარხ ICTV-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში მან ინალ არძინბას „ნაბიჭვარი“ უწოდა. სააკაშვილი ამბობდა, რომ არძინბა უკრაინაში დესტაბილიზაციის პროექტების კურატორია.

“მათ აქვთ პროექტი „ბესარაბია“, რომელსაც ხელმძღვანელობს აფხაზი სეპარატისტების ისტორიული ლიდერის – ვლადისლავ არძინბას შვილი – ინალ არძინბა. ეს ნაბიჭვარი კრემლში ზის და ის, ჩემი ინფორმაციით, რამდენჯერმე შეხვდა ვლადიმერ პუტინს“, – თქვა სააკაშვილმა და პირობა დადო, რომ  ყველაფერს გააკეთებდა, რათა ოდესის ოლქში სიტუაციის დესტაბილიზაცია არ მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები