“ეპიდემიის დასაწყისში ამბობდნენ, რომ ბავშვები ნაკლებად არიან მშობლების ინფიცირების წყარო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. ახლა უკვე ვიცით, რომ კორონავირუსული ინფექციის გადადება ერთმანეთისთვის შეუძლიათ როგორც მშობლებს, ასევე, ბავშვებს“, – ამის შესახებ ისრაელის “ჰადას ჰარ-ჰა-ცოფიმ”-ის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, იაკობ ბერკუნმა, Tv Rain-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“ბავშვები ადრეც ინფიცირდებოდნენ, მაგრამ ისრაელში კორონავირუსის მეოთხე ტალღის დროს, როდესაც “დელტა” შტამია გავრცელებული, ვხედავთ, რომ ინფიცირების 50%-ზე მეტი ბავშვებზე მოდის. ეს უკავშირდება იმას, რომ მოზრდილთა უმეტესობა ჩვენთან ვაქცინირებულია, დაცულები არიან, მაგრამ , როგორც ჩანს, ეს შტამი უფრო გადამდებია ბავშვებში. წინა შტამებს ბავშვები მსუბუქად იტანდნენ, “დელტა”-ს შემთხვევაში ბავშვების დიდი რაოდენობა ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა და კლინიკაში გადაყვანილი 9 ბავშვიდან ერთის დაავადება მძიმე ფორმით მიმდინარეობდა.
გარდა ამისა, დავინახეთ, რომ ახალი დაავადება გაჩნდა, რომელიც კოვიდის შემდეგ მხოლოდ ბავშვებში ვლინდება. მას ახასიათებს მძიმე ანთებითი სინდრომი, კორონავირუსიდან 2-4 კვირაში და ამ დიაგნოზით ბავშვები რეანიმაციაშიც ხვდებიან მიოკარდიტით, გულის კუნთების ანთებით, ნაწლავების ანთებით, შოკურ მდგომარეობაში. ეს იშვიათი გართულებაა, მაგრამ ჩვენ გვქონია ამასთან შეხება“,- თქვა ექიმმა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ბავშვების ინფიცრების წყარო მშობლები არიან, ასევე, ინფექცია შეიძლება, ბაგა-ბაღებიდან ჰქონდეთ, “ანუ საკმარისი ადგილებია, სადაც ისინი შეიძლება, დაინფიცირდნენ”.
იაკობ ბერკუნის თქმით, ამასთანავე, ბავშვებსაც შეუძლიათ მშობლების დაინფიცირება.
“ბავშებმაც შეიძლება, დააინფიცირონ მშობლები და პირიქით. ეპიდემიის დასაწყისში ამბობდნენ, რომ ბავშვები ნაკლებად არიან მშობლების ინფიცირების წყარო, მაგრამ,ვროგორც ჩანს, ეს ასე არ არის. მაგალითად, ჩვენთან მეოთხე ტალღა, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი იყო, სკოლებიდან დაიწყო, ანუ ბავშვები გახდა ახალი ტალღის წარმოქმნის მამოძრავებელი ძალა”, – განმარტა სპეციალისტმა.
რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, იაკობ ბერკუნი ამბობს, რომ ისრაელში უკვე 5 თვეზე მეტია, რაც 12-16 წლის მოზარდების აცრის კამპანია მიმდინარეობს და ამ ასაკობრივი ჯგუფის 60%-ზე მეტი უკვე აცრილია.
“ერთი თვეა, რაც “ფაიზერმა” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები 5 -დან -11 წლის ბავშვების აცრის შესახებ და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა პრეპარატი. 3 – 4 დღეში უკვე დავიწყებთ ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების იმუნიზაციას. რაც შეეხება უფრო პატარა ასაკის ბავშვების ან ჩვილების ვაქცინაციას, ცნობილია, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” უკვე რამდენიმე თვეა, აწარმოებენ კვლევებს 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების აცრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა უკვე დამტკიცებულია 3 წლიდან ბაშვებისთვის, თუმცა, საკითხზე რაიმე მეცნიერული დასკვნა არ მინახავს, თუ რამდენი ადამიანი ჰყავთ აცრილი და რა შედეგები აქვთ. იმის თქმა მინდა, უბრალოდ, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის აცრაც შესაძლებელია”, – განმარტა იაკობ ბერკუნმა.