”სომხეთის მხრიდან პროვოკაციები რეგიონში ყოველთვის რუსეთის როლის გაზრდას ემსახურება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ანალიტიკოსმა ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გამართულ საბრძოლო მოქმედებებს გამოეხმაურა და რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, წინასაარჩევნო კამპანიიდან დაწყებული დღემდე, არჩევნები, მეორე ტური, ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილო, ძიძგილაობა საქართველოს მოსახლოებას არ აძლევს საშუალებას, თვალ-ყური მიადევნოს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ამჟამად კავკასიის რეგიონსა და უკრაინაზე გადის. სანამ უშუალოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტს შევეხებოდეთ, ეს შესავალი მინდა, გავაკეთო. ჟურნალისტებსაც, ტელემაყურებლებსაც მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები შევახსენო, რაც ჩვენს ქვეყანაში თუ რეგიონში მიდის და რომელიც შიდა პოლიტიკურმა ძიძგილაობამ გადაფარა. ეს გახლავთ სომხეთსა და აზარბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლაში საქართველოს ჩარევა, რომელიც კარგი შედეგით დამთავრდა, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების შეხვდრა აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდეტებთან, თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ საქართველოში ნატო -ს სამხედრო საბჭოს სხდომა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის კარგი გამოსვლა, რომლებმაც 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როგორც რეგიონულმა ლიდერებმა, პირველად დააფიქსირეს პოზიცია, პრაქტიკულად, გაერო-ს გენერალური ასამბლეისგან მხარდაჭერა მოითხოვეს იმაში, რომ კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესში თბილისი შესთავაზონ, როგორც დიალოგის, გარიგებების ადგილად. ამის შემდეგ შავ ზღვაში მეექვსე ფლოტის სამეთაურო შტაბის შემოსვლა იყო. ყველა ეს მოვლენა, რაც ჩამოვთვალე და კიდევ ევროკავშირის აქტიურობიდან 1-2 დეტალი გამომრჩა, საქართველოს ძალიან სერიოზულ და ავტორიტეტულ ქვეყანად წარმოაჩენს. მომავალში ეს ნიშა არ უნდა დავკარგოთ, პირიქით, ეკონომიკით, ინიციატივებით უნდა გავაძლიეროთ.
რაც შეეხება კონფლიქტს, რომელიც დღეს დროებით დაზავდა: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ხელოვნურად გამოწვეული იყო. ეს ბუნებრივი პროცესი არაა. საერთოდ, ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთის პირისპირ როცა დგას და ორივე უკმაყოფილოა, ბუნებრივია, პროვოკაციები იქნება, მაგრამ სომხეთის მხრიდან ეს პროვოკაციები ყოველთვის რეგიონში რუსეთის როლის გაზრდას ემსახურება, შემდეგ არის თხოვნები, რომ რუსეთი ჩაერიოს და სიტუაცია დაალაგოს. ეს კავკასიურ კონფლიქტებში ყოველთვის რუსეთის მნიშვნელობის გაზრდას ემსახურება“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონში მასშტაბური დაპირისპირება მოსალოდნელი არაა.
„თავად რუსეთი ამ კონფლიქტში ღიად მონაწილეობის მიზეზით დასავლეთთან სერიოზულად ვაჭრობს. მას სამხრეთ კავკასიაში ისეთი კარგი პოზიციები არ აქვს, როგორც – ბელარუსიაში. ამიტომ, მას პერიოდულად ცეცხლი და დენთის სუნი სჭირდება იმისათვის, რომ რომ თავისი როლის მნიშვნელობა გაზარდოს. რაც შეეხება მასშტაბურ დაპირისპირებას, ეს არ იქნება, გამორიცუხლია. როდესაც რუსეთი ასეთ კონფრონტაციაშია დასავლეთთან, მას ახლა თურქეთთან კონფლიქტში შესვლა არანაირად არ სჭირდება. მით უმეტეს, რომ თურქეთს შავ ზღვაში „ანტიდასავლურ კოალიციაში“ პარტნიორად მოიაზრებს. ამ ეტაპზე, ყარაბაღის კონლფიქტი და ბელარუსიაში მიმდინარე პროცესები დასავლეთთან სავაჭროდ რუსეთის კოზირებია. არა საომრად და დაპირისპირებისთვის, არამედ, სავაჭროდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაიდენთან პუტინის შეხვედრის შემდეგ, როგორც ჩანს, რუსეთი დასავლურ სივრცეში დარჩება. შანხაიში პუტინის არჩასვლაც დავალეთისთვის ამის მესიჯი იყო. მაგრამ რუსეთი ამ ნაბიჯებს ძალიან დიდი სიფრთხილით მისდევს. არ ვიცით, გადაგდების ეშინია, არ ვიცით, საკუთარი შესაძლებლობების და გათვლების იმედი არ აქვს, არ ვიცით, ბაიდენის წასვლას დაელოდება და ამ პოლიტიკური თამაშებით 4 წელს გაჭიმავს თუ არა“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთი დესტაბილიზაციას საქართველოშიც ცდილობს.
„ფაქტი ერთია, რუსეთში არჩევნების დამთავრების შემდეგ ბელარუსიასა და ყარაბაღში პროცესები პერმანენტულად იძაბება და მომავალშიც დაიძაბება. ჩვენ არ ვთვლით, რომ საქართველო ამ პროცესების და მცდელობების მიღმაა. რუსეთი, რა თქმა უნდა, საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ცდილობს, ამ პროცესებში საქართველოც ჩაითრიოს და საქართველოშიც ევროპელების და ამერიკელების აქტივობის ალტერნატივად მისი გავლენები გაიზარდოს. ცუდი დროა და ცუდი ვითარებაა. სუბიექტური მოსაზრებები ისმის ქართულ მედიასივრცეში. საქართველოში მიმდინარე პროცესები მე და ჩემს თანაგუნდელებს იმ პროცესების განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება. შავ ზღვაში მეექვსე ფლოტის შემოსვლამ მთლიანდ დაანგრია მითი და ნარატივი იმაზე, რომ შავი ზღვა რუსეთისაა.
მედიასაშუალებებმა ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთეთ აქცენტი. არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ იყენებენ ამ თქვენს ყოფილ პრეზიდენტს, მაგაზე ფსონს აღარავინ დადებს, თორემ აქამდე დადებდნენ. დასავლეთზე ვლაპარაკობ“, – განაცხადა კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, სომხეთი და აზერბაიჯანი გვიან ღამით, სიუნიკთან ახლოს, საზღვრაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, მხარეებთან მოლაპარაკება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გამართა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრათან ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა და მკვეთრი ესკალაცია უკვე 16 ნოემბერს მოხდა. ტრადიციულად, ვითარების დაძაბვაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.
გუშინდელი საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპა, 13 კი აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ტყევდ აიყვანეს, ხოლო 24 სამხედრო მოსამსახურე დაკარგულია. აღნიშნულ სტატისტიკას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციითვე, მოწინააღდმეგეს ბევრად მეტი მსხვერპლი ჰყავს, კერძოდ, 70 დაღუპული და დაჭრილი.