თენგიზ ცერცვაძე: შთაბეჭდილება რჩება, რომ მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ შეუგნებლად იმაზე, რომ საქართველოში პერმანენტული იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია ძალიან რთულია.

„პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლებით, 25%, რაც არის 1 მილიონ ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი. მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება – 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს. მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება – ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლადდაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი. საქართველოში ხდება ისეთი რამ, რაც არ არის ევროპისა და მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანაში. ვერცერთ ქვეყანას დაასახელებთ, სადაც სამივე ეს ფაქტორი ერთობლივად გვხვდებოდეს – პირბადეების ძალიან დაბალი გამოყენება, ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვა და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ შეუგნებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტული იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი და გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი. თითქოს ყველა ამაზე წუხს, იწერება გულში ჩამწვდომი პოსტები „ფეისბუქზე“, ისმის გამოსვლები ტელევიზიაში, რომ გვყავს 70-80 გარდაცვლილი და ეს არის ძალიან დიდი ტკივილი და ამ დროს არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალოს.

ასე გაგრძელება შეუძლებელია, რაღაც უნდა ვიღონოთ, ან უნდა შევეგუოთ იმას, რომ საქართველოში ახალი შემთხვევების მატება გაგრძელდება, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევებისაც და დავრჩებით მარტო კლინიკური სექტორის იმედად. ახლა, ფაქტობრივად, ახალი შემთხვევების შესამცირებლად შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. მოვუწოდებ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, გააკეთოთ ყველაფერი, რომ როგორმე ეს პერმანენტული აქციები შეწყვიტოთ და მოძებნოთ სადავო პოლიტიკური საკითხების გადაჭრის რაიმე ალტერნატიული გზები, რადგან ეს გაუთავებელი აქციები, რომელიც რეალურად შედეგს ვერ დებს, დებს ერთადერთ შედეგს, რომ მკვეთრად იზრდება პანდემიის შემდგომი გაფართოების რისკები და იზრდება გარდაცვალების შემთხვევების რისკები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები