ირაკლი კობახიძე: თუ ვინმემ მოინდომა მძიმე პროვოკაცია, რაზეც სააკაშვილმა მინიშნება გააკეთა, ვერცერთი სახელმწიფო ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს

“თუ ვინმემ მძიმე პროვოკაცია მოინდომა, რაზეც სააკაშვილმა მინიშნება გააკეთა, ოღონდ ვითომ რუსებზე საუბრობდა, ვერცერთი სახელმწიფო ვერცერთ სამოქალაქო კლინიკას ვერ დაიცავს. პატიმრები იმისთვის არიან ციხეში, რომ უსაფრთოების განსაკუთრებული სტანდარტია უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გორის ჰოსპიტალი სამოქალაქო კლინიკის მსგავსია და დაცული არ არის.

„გორის სამხედო ჰოსპიტალი არაა დაცული, ეს არაა სამხედრო ბაზაზე, ქალაქის ცენტრშია. გალავანიც კი არ ჰყოფს ქუჩისგან, ჩვეულებრივი სამოქალაქო კლინიკის მსგავსია. მეორე დღეს სააკაშვილი აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ მას გორის ჰოსპიტალიდან რუსები გაიტაცებენ, მარტივი კითხვა ისმის, თუ რუსებს შეუძლიათ გატაცება გორის ჰოსპიტალიდან, რატომ არ შეუძლიათ სხვებს ამის გაკეთება. დასკვნა არის მარტივი – ყველანაირი გზებით ცდილობენ, სააკაშვილი მოახვედრონ ციხის გარეთ, რომ რაღაცები დაგეგმონ. იმ გეგმებს ასრულება არ უწერია, მაგრამ სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირებმა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის წინადადებით მიმართეს, განაცხადეს, რომ ეს საკითხი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჰქონდათ შეთანხმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები