ბიბილოვი – “სამხრეთ ოსეთი ბელორუსისგან დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ე.წ. რესპუბლიკა მისი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდება ბელორუსის და სხვა ქვეყნებისგან.

ამის შესახებ მან “ბულამარგის” საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის დაჯილდოების დროს, მედიას კულუარებში განცხადა.

“ჩვენ ველოდებით აღიარებას არა მხოლოდ ბელორუსისგან, არამედ – სხვა სახელმწიფოებისგანაც. მე მჯერა, რომ ისტორია, რომელიც გვაერთიანებს და საბჭოთა კავშირს აერთიანებდა და ჩვენს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობები, არის რესპუბლიკის აღიარების საფუძველი”, – განაცხადა მან.

ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ.

“ვფიქრობ, შემდგომი აღიარებებიც იქნება. სამხრეთ ოსეთს სურს, მშვიდობიანად იცხოვროს როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა სახელმწიფოსთან, ასევე, მსოფლიოს ქვეყნებთან”, – დასძინა ბიბილოვმა.

რამდენიმე დღის წინ რუსულ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელორუსის პარლამენტს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დოკუმენტი მიაწოდეს.

თუმცა, 11 ნოემბერს “Sputnik ბელორუსს” პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნოში განუცხადეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ მიუღიათ.

იმავე საკითხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც “კვირას” საგარეო უწყებაში განუცხადეს, “ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას “სიცრუე” უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები