ოკუპირებული დონბასის, რუსეთის ეკონომიკასთან ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი – პუტინმა ვაჭრობის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, ერთი თვის განმავლობაში მოხდეს რუსეთში იმ საქონლის აღიარება, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა წარმოებული.

ასევე, ამ საქონლისთვის იყოს შექმნილი ისეთივე შესყიდვითი პირობები, როგორითაც რუსული საქონელი სარგებლობს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “გამონაკლისის სახით იმ პერიოდისთვის, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება არ დარეგულირდება მინსკის შეთანხმებების საფუძველზე”.

რუსეთის მთავრობა იმ საქონლის ჩამონათვალს გამოაქვეყნებს, რომლებზეც გავრცელდება აღნიშნული წესი. ასევე, რუსეთის მთავრობას დაევალა იმ საკონტროლო პუნქტების დადგენა, რომელებსაც გაივლის საქონელი.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ელოდება პუტინის განკარგულების დაგმობას.

როგორც კულებამ ბრიფინგზე თქვა, ინფორმაცია ფრანგ და გერმანელ კოლეგებს მიაწოდა.

კულებას თქმით, ეს განკარგულება მოწმობს დროებით ოკუპირებული დონბასის რუსეთის ეკონომიკასთან შემდგომ ინტეგრაციას.

“ჩვენ ველით ამ განკარგულების დაგმობას, რადგან ის აშკარად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას”, – თქვა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავარ ინტერესს ოკუპირებულ დონბასში ქვანახშირი წარმოადგენს.

2019 წელს ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთი ქვანახშირს 19 ქვეყანას აწვდის.

მათ შორის არის პოლონეთი და თურქეთი, ასევე, უკრაინულმა გამოცემამ მსხვილი უკრაინული ენერგოკომპანიების კვლევა წარადგინა, სადაც მოხვედრილია ეგვიპტე, კანადა, საქართველო, კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

ევროპა და თურქეთი ატრაციტის ძირითადი მომხმარებლები არიან. დოკუმენტის მიხედვით, თურქეთმა 2017 წლის მარტიდან 2018 წლის დეკემბრამდე თითქმის 3 მილიონი ტონა ნახშირი იყიდა.

მოცულობით მეორე ადგილზე იყო რუმინეთი – 1,02 მლნ ტონა, მესამეზე – ბელგია – 876 990 ტონა. მათ მოსდევს პოლონეთი (333,132 ტონა) და ბულგარეთი (129,176 ტონა).

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტროს შეფასებით, რუსეთს დონბასიდან ყოველწლიურად გააქვს 2,8 მილიონი ტონა ქვანახშირი, რომლის ღირებულება 288 მილიონი დოლარია.

კონტრაბანდის საშუალებით, ოკუპანტი აფინანსებს თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკებს.

The Washington Post-ის გამოძიების თანახმად, ფინანსურ კავშირები დამყარებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საბანკო სისტემის” მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები