ლუკაშენკოს მუქარის კვალდაკვალ იამალი – ევროპის გაზსადენით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს 40%-ით შემცირდა

იამალ-ევროპის მილსადენით პოლონეთის გავლით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინის გავლით სტაბილურია და რჩება ოთხშაბათისა და ხუთშაბათის მოცულობის დონეზე.

ამის შესახებ გერმანული გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის – Gascade-ისა და “უკრაინის ოპერატორ GTS”-ის დღევანდელი მონაცემიდან ირკვევა.

იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და უკრაინის გაზის სისტემასთან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ორი ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის გაზსადენი გადის ოთხ ქვეყანას – რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე და შეუძლია წელიწადში 33 მილიარდ კუბური მეტრი გაზის გატარება.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამ მარშრუტით გაზის მიწოდება გაიზრდება, რადგან “გაზპრომმა” დაიწყოს ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების რეზერვების შევსება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ, პოლონეთი-ბელროუსის საზღვარზე მიგრანტებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის ფონზე, რომელშიც დასავლეთი ბელორუსს ადანაშაულებს, ევროკავშირმა მინსკისთვის სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, ვარშავა კი საერთოდ საზღვრის ჩაკეტვით დაიმუქრა.

11 ნოემბერს, საპასუხოდ, ბელორუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ევროპას ურჩია, რომ სანამ ბელორუსს ახალ სანქციებს დაუწესებენ და საზღვრებს ჩაუკეტავენ, კარგად დაფიქრდნენ.

“პოლონეთი გვაშინებს, რომ საზღვარს ჩაკეტავს. კი ბატონო, დახურეთ: ნაკლები გაქცეული გადავა. საკითხი ამაში არ მდგომარეობს. და თუ ჩვენ დავხურავთ ბელორუსის გავლით გაზის ტრანზიტს? ის არ გაივლის უკრაინას: იქ რუსეთის საზღვარი ჩაკეტილია. ბალტიისპირეთში გზები არ არის. თუ დავხურავთ პოლონელებისთვის და, მაგალითად, გერმანელებისთვის, რა იქნება მერე? ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვისას არ გვსურს, რაიმეს წინაშე გავჩერდეთ”, – განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრანსნაციონალური მთავარი საექსპორტო გაზსადენი – იამალი-ევროპა ბელორუსს გადის და ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა გაზის ტრანზიტის მოცულობა რუსეთიდან ევროპაში.

„ჩვენ ვათბობთ ევროპას, ისინი კი აქეთ გვემუქრებიან, რომ საზღვარს ჩაკეტავენ. და თუ იქ ბუნებრივ გაზს ჩავკეტავთ? ამიტომ, ვურჩევდი პოლონეთის ხელმძღვანელობას, ლიეტუველებსა და სხვა უტვინო ადამიანებს, სანამ რამეს იტყვიან, დაფიქრდნენ“, – დაასკვნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები