ნარმანიას უწყება საზოგადოებას "ნაციონალურად ქვეყნის შენების" ფაქტებს წარუდგენს

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ინფრასტრუქტურულ პროექტებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ გამოაქვეყნა და სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა ფაქტები, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანაშაულებებს ადასტურებს.
„საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ თავის კუთვნილებაში არსებულ ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთები კერძო კომპანიებს მიზერულ ფასად მიჰყიდა და შემდეგ უკან მაქსიმალური ფასით გამოისყიდა, რამაც ბიუჯეტს მილიონობით ლარის ზიანი მიაყენა; წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები საბაზრო ფასებზე ორ და ზოგჯერ უფრო ძვირად ასრულებდნენ სამშენებლო სამუშაოებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანი დარღვევებია გამოვლენილი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესშიც. „სახელმწიფო ამა თუ იმ ქალაქის რეაბილიტაციის საფარის ქვეშ ხელყოფდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამის ნათელი მაგალითებია თელავში, დართლოში, დავით გარეჯსა და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ზონებში. ყველაზე მთავარი და უმძიმესი დანაშაული, რომელსაც სახელმწიფოს მაღალჩინოსნები სჩადიოდნენ, არის კონტრაქტორ კომპანიებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, რომელთა შესახებაც დღეს უკვე აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. მთლიანობაში, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამართალდამცავ ორგანოებში 20-ზე მეტი საქმე გადააგზავნა. მომდევნო კვირიდან სამინისტრო თითოეულ ამ ფაქტს, თუ როგორ ხდებოდა „ქვეყნის შენება“ ნაციონალურად, საზოგადოებას აუცილებლად წარუდგენს“,- აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები