ნათია მეზვრიშვილი: ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც “ოცნება” ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს “ოცნებამ”
“ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც “ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება, ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენი პოლიტიკური პარტია აქციებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ნაბიჯებს, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა ბრალდებული პატიმრის მიმართ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, რა განცხადებებსაც ბრალდებულის მხრიდან ვისმენთ. ვინც უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი თუ სხვა ნებისმიერი ბრალდებული, ეს არ არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. ეს არ არის კანონის შესაბამისი მოქმედება. ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“. ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.