“ფაქტია, რომ ბათუმი დღითი დღე კარგავს თავის სახეს და იდენტობას”, – ამის შესახებ “სითი ინსტიტუტი–საქართველოს” დირექტორი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ ბათუმი წლებია უკვე, ინვესტორებისა და დეველოპერების შეჯიბრის ადგილად იქცა, თუ ვინ წამოჭიმავს უფრო გიგანტურ ნაგებობას, ან ვის უფრო ფანტასმაგორიული იდეა დაებადება თავში „ბათუმის განვითარების“ სურვილით ნაკარნახები. ამ ყველაფერს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, ბათუმისთვის კარგი ჯერ არც არაფერი მოუტანია და თუ ასე გაგრძელდა, ვერც მომავალში მოუტანს. ფაქტია, რომ ბათუმი დღითი დღე კარგავს თავის სახეს და იდენტობას.
ამიტომ, ბათუმის გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ნათლად, მკაფიოდ და არგუმენტირებულად გავაგებინოთ და ავუხსნათ დეველოპერებს, რომ უახლოესი პერიოდიდან მშენებლობები უნდა განხორციელდეს არა იქ, სადაც ეს მათ მოეხასიათებათ და სურთ, არამედ იქ, სადაც მათ მიუთითებს ქ. ბათუმის მერია, უმთავრეს ქალაქგეგმარებით დოკუმენტზე დაყრდნობით.
ეკონომიკის განვითარების აუცილებლობაც კარგად მესმის, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მნიშვნელობაც ქვეყნისათვის, მაგრამ არა ქალაქების დამახინჯების, მათი იდენტობის გაქრობის, ადამიანთა უსაფრთხოებისა და ნორმალური სასიცოცხლო პირობების უგულვებელყოფის ხარჯზე. დეველოპერებსა და ინვესტორებს მინდა შევახსენო, რომ საქართველოში, თბილისის და ბათუმის გარდა, სხვა ქალაქებიც არსებობენ, რომლებიც არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, საჭიროებენ განვითარებას, მიზიდულობის ცენტრებად ჩამოყალიბებასა და განახლებას. საყურადღებოა, რომ ბევრ ამ ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმებიც გააჩნია და სწორედ დეველოპერებსა და ინვესტორებზეა დამოკიდებული მათი სწორად და მართებულად განვითარების პერსპექტივა”, – წერს სალუქვაძე.