“მაღალი ალბათობით, მოგვიწევს საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა” – სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ბჟანიამ მოსკოვისგან უარი მიიღო?!
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოსკოვში ბოლოდროინდელი ვიზიტი მედიასთან შეაჯამა.
სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელმძღვანელობასთან წინა ვიზიტის დროს განიხილა და თითქოს ყველაფერი იყო მზად პროცესის დასაწყებად. ბჟანიამ ისიც თქვა, რომ მოსალოდნელია, სოხუმის აეროპორტმა პირველი რეისები უკვე 2024 წლის იანვარში მიიღოს.
თუმცა, მოსკოვში 25 ოქტომბერს განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ბჟანია ამბობს, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და ავიამიმოსვლის აღდგენა მასშტაბური ამოცანაა.
“აფხაზეთის ხელმძღვანელობას არასოდეს უწევდა ასეთი მასშტაბური ამოცანების გადაჭრა, არც საბჭოთა პერიოდში და არც ომის შემდგომ პერიოდში. მაღალი ალბათობით, მოგვიწევს საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა”, – განაცხადა მან.
ამასთან, ბჟანიას განმარტებით, იმისთვის, რომ პილოტები აფხაზები იყვნენ, საჭიროა მათი სწავლების პროგრამის შემუშავება.
„რომ გესმოდეთ, რამდენად ძვირია ეს პროექტი: მხოლოდ ერთი მიმართულებით ფრენას ორი-სამი ეკიპაჟი სჭირდება. დაგვჭირდება სადისპეტჩერო სამსახურის სპეციალისტები, ავიაციის უსაფრთხოების სამსახურები და მრავალი სხვა. ასეთი პრობლემა არასდროს მოგვიგვარებია. ერთ წელიწადში ეს ვერ გადაიჭრება. ამ ურთულესი ამოცანის გადაჭრას ეტაპობრივად ვუდგებით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევით წინ. იმედი მაქვს, მიუხედავად ყველა სირთულისა, კარგ შედეგამდე მივალთ, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განმარტა ბჟანიამ.