მიხეილ სააკაშვილი: ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ, თავაწეულმა არ გავიარო გამარჯვებული ბათუმის ბულვარში
“ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში წერია, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ წაიკითხა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე დიდი უპირატესობით დამარცხდა, რაც მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარია, ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანონ.
“მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს, მოგესალმებით კოალიციურ ერთობას. ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ, ყველა უნდა გაერთიანდეს. ისინიც კი, ვინც მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის, ახლა ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი. ახლა მთავარია თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი, ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო. დროშა, რომელიც ბათუმში მაღლა ფრიალებს, არასოდეს უნდა დაეშვას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.