ამირან გამყრელიძე: “ასტრაზენეკას” 17 000-მდე დოზა გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვადის გასვლისა და გამოუყენებლობის გამო, „ასტრაზენეკას“ 17 000 დოზა ჩამოიწერა.
მისივე თქმით, ჩინურ ვაქცინებს 2-3 წელი აქვთ გამოყენების ვადა.
“ასტრაზენეკას“ ძირითად დოზებს ვადა სექტემბრის და ოქტომბრის ბოლოს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა დონაციით მიღებულ 15 000 დოზას, ჩვენ ეს ვიცოდით და რამდენჯერმე მოვუწოდეთ მოსახლეობას, რომ უფრო ფართო მასშტაბით ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ, სამწუხაროდ, მოთხოვნილება იყო დაბალი დანარჩენ სამ ვაქცინასთან შედარებით. ამიტომ, სექტემბერში 3900 დოზას გაუვიდა ვადა და ოქტომბერში დაგვრჩა 13 500 დოზა, ჯამურად, 17 000-მდე დოზა სამწუხაროდ გამოუყენებელი დარჩა და ჩამოიწერა. ჩინურ ვაქცინებს 2-3 წელი აქვთ ვადა, 2023 წლის შუა რიცხვებამდე, ხოლო „ფაიზერს“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ აქვს 6-თვიანი ვადა, მაგრამ ჩატარებული კვლევებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ფაიზერის“ ყველა ვაქცინას 3 თვის გაუგრძელდა მოქმედების ვადა”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.