სასამართლომ წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა.

საქართველოს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ლ.ა-ს შესაძლოა ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა., რომელსაც ავტომანქანაში სცემდნენ და სთხოვდნენ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში, რაც გაგრძელდა გარკვეული პერიოდი ავტომანქანის გაჩერებამდე.

„ აღნიშნულმა პირებმა ლ.ა. მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებულ მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმათ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ავტომატით გასროლის ინსცენირებას ახდენდნენ.

დაზარალებულისთვის ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, ლ.ა. დაიჭირა ხ.ს-მ, რ.ა-მ ანთებული სიგარეტები გადასცა ვ.ა-ს, რომელმაც ხანგრძლივად, წუთობრივი ინტენსივობით დაადო ისინი ლ.ა-ს იღლიებში, რის შედეგადაც ამ უკანანსკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლ.ა. მათ კითხვაზე პასუხობდა, რომ იგი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს დაკავებული პირის გადაყვანა და მის მიმართ ფიზიკური ძალადობის გაგრძელება ჯვარის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში. დასახელებულ ადგილას მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა აღნიშნულ პირებთან ერთად განაგრძეს განყოფილებაში მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა: შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი.ს-მ, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა კ.კ-მ და შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ჯვარის პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამოძიებელმა ი.ა-მ.

ლ.ა-ს სამართალდამცავები კვლავ სთხოვდნენ ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის დასახელებას. ამასთან, მოსთოვეს, რომ დაესახელებინა ტერორისტული ჯგუფის ის წევრები, რომლებმაც 2008 წლის 25 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში განახორციელეს ტერორისტული აქტი.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, იმის გამო, რომ სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღეს, უკანონოდ დაკავებული ლ.ა-ს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განიზრახეს ხელოვნურად შეექმნათ თითქოსდა მისი დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებისას ლ.ა-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონია, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, ი.ა-მ დაკავებულს წარუდგინა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა, რომელიც თითქოსდა ამოღებულ იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. ი.ა-მ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მონაწილე პირებთან ერთად შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელშიც მიუთითა რომ 2011 წლის 15 ივნისის 03:00 საათზე, ლ.ა თითქოსდა დაკავებულ იქნა წალენჯიხის რაონის სოფელ მუჟავას ტერიტორიაზე, რომელსაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოთ ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

თავდაპირველად, ლ.ა. უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა კ.კ-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, ლ.ა-მ განიცადა ძლიერი მორალური ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, რის შემდეგაც ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული”,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგ ლ.ა. მიიყვანეს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც რ.ა-მ, ი.ს-მ და ხ.ს-მ სხვა პირებთან ერთად კვლავ სცემეს იგი. ამასთან, ლ.ა-ს უწოდებდნენ ტერორისტს და დაწვის სიმულაციის მიზნით აიძულებდნენ მას ბუხარში შესვლას.

ხელოვნურად შექმნილი მტკიცებულებების საფუძველზე ლ.ა-ს წარედგინა ბრალდება: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის – სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის – სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რის შესაბამისადაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მას განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად – ჯარიმა 3000 ლარი. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2013 წლის 16 იანვარს ლ.ა. გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 25 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „ა. საქართველოს წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც ზემოთ ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა. გარდა ამისა, დადგინდა ამავე კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:

რ.ა. და ხ.ს. ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო კ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, და სამივე მათგანს სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვრათ 7 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

ი.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ი.ს. – სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. ორივე პირს სასჯელის სახედ და ზომად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, განესაზღვრათ 5 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა”,- აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები