ვერშბოუ: უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში ნატო-ში შესვლა რთულია, მაგრამ – შესაძლებელი

ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ აცხადებს, რომ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში ნატო-ში შესვლა რთული, მაგრამ შესაძლებელია.

ამის შესახებ მან უკრაინული ТСН-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ნატო-ს გაფართოების მესამე ტალღა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ უკრაინას – ნომერ პირველს და საქართველოს, ალბათ – ნომერ მეორეს. თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები, რადგან საქართველოში დემოკრატიული პროცესები ჩამორჩება. ჩვენ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ, ერთი მხრივ, მოვუსმინოთ რუსების წუხილს, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსებს არ მივცეთ საშუალება, ხელი შეგვიშალონ იმაში, რაც სწორია და რასაც ჰელსინკის საბოლოო აქტი და სხვა შეთანხმებები გვაძლევს შესაძლებლობას, რომელსაც თავად რუსეთმა მოაწერა ხელი”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ზოგიერთი მოკავშირე ძალიან ნერვიულობს რუსეთის რეაქციის გამო.

„ამიტომ, 13 წლის განმავლობაში უკრაინასა და საქართველოს უარს ეუბნებოდნენ MAP-ზე და მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავ MAP-ის საკითხის გადაწყვეტას. მაგრამ MAP-ი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, მოკლევადიან პერსპექტივაში დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა და საქართველო შეძლებენ, დაიცვან თავი და შეამსუბუქონ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ახალი სამხედრო აგრესია“, – განაცხადა მან.

ვერშბოუმ ხაზი გაუსვა, რომ წინ ბევრი სამუშაოა.

“უკრაინა არ არის მზად ახლა. მაგრამ მე ვწუხვარ, რომ უკრაინა მზად იქნება იმაზე სწრაფად, ვიდრე – დანარჩენი ნატო. შეერთებულმა შტატებმა უნდა ითამაშოს წამყვანი როლი სხვა მოკავშირეების დარწმუნებაში, რომ უკრაინა კარგი კანდიდატია ალიანსში წევრობისთვის და რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში და, საბოლოოდ, ღია კარში შემოვიდეს“, – განაცხადა ვერშბოუმ.

მისივე თქმით, „პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს ის, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია“.

„ამიტომ, ალიანსის უსაფრთხოების გარანტიის გავრცელება უკრაინასა და საქართველოსთვის ამ პირობებში რთულია. მაგრამ ეს შეუძლებელიც არ არის. ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია შეიძლება, გავრცელდეს მხოლოდ კიევისა და თბილისის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მანამდე, სანამ ტერიტორიების რეინტეგრაცია არ მოხდება. ამიტომ, ეს არ უნდა განიხილებოდეს, როგორც გადაულახავი დაბრკოლება. მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ართულებს პროცესს“, – შეაჯამა ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები