მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული კომუნიკაციების კომისიამ კონფერენციით შეაჯამა
კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებული მედიაწიგნიერების კვირეული, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასკვნითი ღონისძიება კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გახსნეს. სპიკერებმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე, მედიაწიგნიერების პოლიტიკასა და მნიშვნელობაზე, ასევე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.
შემაჯამებელ კონფერენციის ერთ-ერთი პანელი მედიის თანამედროვე გამოწვევებს, დეზინფორმაციას, სიტყვის თავისუფლებას და მიუკერძოებლობის სტანდარტებს დაეთმო. პანელს კომუნიკაციების კომისიის აუდიოვიზუალური მედია მომსახურეობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე მახარაძე უძღვებოდა და მასში მონაწილეობდნენ მედიააკადემიის დირექტორი, შორენა შავერდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი. მედიაწიგნიერების ჰაბი – თანამშრომლობის ახალი პლატფორმა და პროექტები პანელისტებმა მარიკა სიხარულიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა, ნინო ენუქიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, თამარ კობახიძემ, – ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა და People in Need – ის წარმომადგენელმა, ანა ქოჩუამ მიმოიხილეს.
პანელის მოდერატორმა, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაკა დახუნდარიძემ დაინტერესებულ მხარეებს ასევე წარუდგინა მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმა, რომელიც ევროპის საბჭოს დაფინანსებით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში, 25-29 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეული პირველად ჩატარდა. მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.
მედიაწიგნიერების კვირეულში კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ჩართული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი – იუნისეფი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სკოლები. მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში განხორციელდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება სამიზნე ჯგუფებისთვის, მათ შორის მოსწავლეების, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.