უკრაინელი ექიმი: დღეიდან მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე, ასევე, აგრძელებს შიმშილობის პროცესს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმის, მაქსიმ პერედინისის ინფორმაციით, სააკაშვილი დღეიდან პროტესტის ნიშნად ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ აღარ მიიღებს ექიმების დახმარებას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.
„პაციენტი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ასევე, საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. დღეიდან, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე, ასევე, აგრძელებს შიმშილობის პროცესს. ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია ჩემთვის გადმოცემული არ იყო. ასევე, არ მომაწოდეს მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები. ამ ეტაპზე, გამაჩნია ინფორმაცია, რომელსაც ჩემი კოლეგები მაწვდიან. ადამიანის სამედიცინო დიაგნოზი წარმოადგენს საიდუმლოს და ამ თემაზე შეიძლება, მხოლოდ პაციენტთან მქონდეს საუბარი. მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს კონტროლს და ეს ეჭვგარეშეა. მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ მიიღებს ექიმების დახმარებას აძლიერებს და ზრდის რისკებს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გრძნობს ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელიც ახლა გარეთ იმყოფება. ის ამბობს, რომ სამართლებრივად საკუთარი თავის დაცვის საშუალებას არ აძლევენ“, – განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ რადგან დიპლომატიური პასპორტი აქვს საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოვიდა.