კახა კალაძე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, როგორიც ყველა სხვა – კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს მისჯილი. თუ აუცილებლობა იქნება, მკურნალობისთვის მისი კლინიკაში გადაყვანის, ამას შესაბამისი სამსახური, პენიტენციური სისტემა აუცილებლად გააკეთებს და იქნება ისე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებაში, არაფერი განსხვავებული აქ არ არის, – ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არც მე, არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმი, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა, ეს უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. შესაბამისად, თუ ამის აუცილებლობა დადგება, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და როგორც ყველა პატიმარს აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, იგივე დამოკიდებულება იქნება სააკაშვილის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ე.წ. იმიტირებულ ბუნტს უკავშირდება, კალაძემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია.

„ეს არის ჩვეულებრივ სიბინძურე, ტყუილი. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ვისმენთ, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას აპირებენ. როგორ შეიძლება ნორმალურად, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი განცხადებები გააკეთოს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჰქონდეს?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ყველა მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მოუწევს პასუხისგება.

„არავის უხაროდა, როდესაც ოჯახებს აუბედურებდნენ და ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდნენ. არავის უხაროდა ის, რომ სულხან მოლაშვილის ოჯახი გააუბედურეს, გირგვლიანის ოჯახი ამოწყვიტეს, ახალგაზრდები ქუჩაში ჩახოცეს, ვის უხაროდა ეს ყველაფერი?! ამ ბოროტების შემქმნელი და მთავარი შემოქმედი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონკრეტულ საქმეებზე დანაშაულები აქვს და მას ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები