ადვოკატი: ჩვენი ინფორმაციით, მოხდება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით

“ჩვენი ინფორმაციით, მოხდება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალიზაციის საკითხი მიმდინარე საათებში უნდა გადაწყდეს და ციხის საავადმყოფო გამოირიცხოს.

“ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის საავადმყოფოში არ არის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით, ესეთი ინფორმაცია გვაქვს ჩვენ.

მოვითხოვთ, რომ მიმდინარე საათებში გადაწყდეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი და ღია განცხადებით გამოირიცხოს ციხის საავადმყოფო. გადაწყვეტილება მიღებული იყოს არამხოლოდ პირადი ექიმის, არამედ ადვოკატებთან ერთად, ვინაიდან ჯანდაცვასთან ერთად ეს არის უფლებადაცვითი საკითხიც. ვთხოვთ სახალხო დამცველს მოახდინოს მონიტორინგი როგორც სააკაშვილის მდგომარეობის, ასევე ციხის საავადმყოფოს შესაბამისობა იმ კრიტერიუმებთან, რომელიც წარმოგვიდგინა კონსილიუმმა. ჯანდაცვის მინისტრმა დაუყონებლივ უნდა განმარტოს საავადმყოფოს შესაბამისობა კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით და მოგვახსენოს არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს მისი შეტანა C კატეგორიის კლინიკების ჩამონათვალში, ყველამ თავი შეიკავოს ამისგან, ეს არის დანაშაული რასაც მოჰყვება მძიმე შედეგი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები