პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის შტაბს წევრები ტოვებენ და ადგილობრივ ლიდერებს იდეის ღალატში ადანაშაულებენ
ნანა ლემონჯავა პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი და უკვე საკრებულოს წევრია. რამდენიმე წუთის წინ მან თავის პირად გვერდზე ქვემოთ მოცემული პოსტი გამოაქვეყნა და პარტიის ადგილობრივი ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობასთან” გარიგებაში დაადანაშაულა.
“მეგობრებო, როგორც იცით პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის პარტიული სიის მესამე ნომერი და უკვე, საკრებულოს წევრი ვარ. ამ პარტიაში გაწევრიანების მიზანი და მიზეზი იყო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დაგვესრულებინა ეს პორალიზებული პოლიტიკური გარემო და დაგვესრულებინა ის წარსული, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვია. გიორგი გახარიას პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანია გაერთიანებული, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებსაც გულანთებულად უყვართ თავიანთი სოფელი, ქალაქი და სამშობლო, მაგრამ არსებობს თემები და წითელი ხაზები, რომლებიც ყველას ერთად გვაერთიანებს. ერთ-ერთი ასეთი წითელი ხაზი, როგორც ყოფილი პრემიერი სწორად შენიშნავს ხოლმე, არის ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა. პრემიერის ამ პოზიციას ვიზიარებ და ვუერთგულებ ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წალენჯიხის შტაბი ღალატობს იდეას, პარტიას და პარტიის ლიდერს. მათ აშკარად აირჩიეს პარტიისთვის და ჩემთვის მიუღებელი გზა. მაქვს ყველა ნიშანი თუ ინდიკატორი, რომელიც აღნიშნულს ადასტურებს. მე ღიად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იქ და იმ ხალხთან, სადაც საჭირო იყო. დღეს კი მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე ვიღებ ხალხისგან მონიჭებულ მანდატს, მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, მე მზად ვარ ვიმუშაო ჩემი ქალაქისა და ხალხისთვის, მაგრამ მე ვტოვებ პარტიას „საქართველოსთვის“ სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან ადგილობრივ დონეზე ვერ ვხედავ საბოლოო მიზნის მიღწევის შესაძლებლობებს. და ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, როგორ დამოუკიდებელი დეპუტატი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.” რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქის“ გვერდზე „ჯვარიპრესნიუსი“ გამოქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წალენჯიხის მაჟორიტაროების კანდიდატი გელა აბულაძე გახარიას პარტიიდან ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერის იმედზე საუბრობდა. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენელი და მერობის კანდიდატი გია ხარჩილავა ანალოგიურ ნარატივებს ავრცელებს თავისი პირადი გვერდიდან. აქვე, საყურადღებოა ქართული ოცნების წარმომადგენლის და მერონის კანდიდატის გოგა გულორდავას გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც მან ტაიმერ.გე-ს მისცა. აღნიშნულ ინტერვიუში გულორდავა ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლების დიდი ნაწილი მეორე ტურში ქართულ ოცნებას აძლევს ხმას, რადგან მათი ოპოზიციონერობა სწორედ ნაციონალების კატეგორიულ მიუღებლობაზე გადის.