თენგიზ ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია – ასაცრელად, პრაქტიკულად, აღარ მოდიან
“აცრის მსურველი მხოლოდ 4 ათასი ადამიანია. აღნიშნულიდან უმეტესობა მეორე დოზის გასაკეთებლად მიდის, ასაცრელები კი, პრაქტიკულად, აღარ მოდიან”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად მაღალია გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რაოდენობა და მოქალაქეები აღნიშნულის გამო სოციალურ ქსელებშიც შეშფოთებას გამოხატავენ, ასეთ ვითარებაშიც კი აცრილთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
„რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია! საბოლოდ, ქვეყანას აზარალებს. გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ათეულობით ადამიანსა და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან მტკივნეულია. ამასთან, ეს ხომ ძაბავს სიტუაციას ქვეყანაში. ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.