“სიტუაცია მარტივია – არჩევანი კეთდება გეგმებისა და შესაძლებლობების მქონე ჩემს გუნდსა და აგრესიულ, ცარიელი ხელებით მოსულ ოპონენტს შორის” – გოგა გულორდავა არჩევნების მეორე ტურსა და სამომავლო გეგმებზე

როგორ აფასებს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და რა სამომავლო გეგმები აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის – ამ და სხვა თემებზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, გოგა გულორდავა  “კვირას” ესაუბრა.

– პირველი ტურის შემდეგ, როგორია თქვენი და თქვენი გუნდის განწყობები?
მოდით, ჯერ არჩევნების ზოგადი და მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ. არჩევნები აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მომავალი სამი წელი საქართველოში არჩევნები აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” იქნება მმართველი ძალა. რაც შეეხება სიტუაციას ადგილზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. გვაქვს მეორე ტური და ძლიერი საბრძოლო განწყობა.

– თქვენი ძლიერი საბრძოლო განწყობის მიზეზსა და მოტივაციას რაიმე დამატებითი საფუძველი თუ აქვს?
გარდა ჩემი და გუნდის პოლიტიკური მიზნებისა, ენთუზიაზმისა, მზაობისა და გეგმებისა, ზუსტად ვიცით მოსახლეობის განწყობები მეორე ტურის არჩევნებთან მიმართებით. დამატებით საფუძვლად სწორედ ამ მომენტს დავასახელებდი. რატომ? იმიტომ, რომ გახარიას ამომრჩეველი, დიდი ნაწილი, ცალსახად ჩამოყალიბებულია და ის ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” არ აძლევს. წალენჯიხაში, და არამარტო წალენჯიხაში, ეს არის ზნეობის, მორალის, პრინციპისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების საკითხი. სიტუაცია მარტივია – არჩევანი კეთდება გეგმებისა და შესაძლებლობების მქონე ჩემს გუნდსა და აგრესიულ, ცარიელი ხელებით მოსულ ოპონენტს შორის.
არ არსებობს პრეცედენტი, რომ რევანშიზმსა და აგრესიაზე, ადამიანის ღირსების გათელვაზე ორიენტირებული მმართველების პირობებში აშენებულიყო რაიმე ღირებული;

– თქვენ ხშირად მიუთითებთ ხოლმე, რომ ოპონენტი მოდის ცარიელი ხელებით, ხედვებისა და გეგმების გარეშე. თქვენ თავად თუ გაქვთ დოკუმენტი, სადაც შესაძლებელია თქვენი გეგმების წაკითხვა?
ჩვენ გვაქვს 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ბევრი დაკვირვების, შესწავლისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგად შევიმუშავეთ. ჩვენი მთავარი გზავნილი წალენჯიხელებისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის არის მარტივი – ჩვენ ვართ საქმეზე ორიენტირებული გუნდი. მე და ჩემი ოჯახი არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ საქართველოში და წალენჯიხაში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მე მიზანმიმართულად არ დავიტოვე უკანდასახევი გზა. დავდე პირობა და გავეცი დაპირებები, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შესრულდება. გამარჯვებას კი, ყველა ერთად, 30 ოქტომბერს აუცილებლად გავაფორმებთ.

„მე და ჩემი ოჯახი არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ საქართველოში და წალენჯიხაში უნდა ვიცხოვროთ. ამიტომ, მე მიზანმიმართულად არ დავიტოვე უკანდასახევი გზა. დავდე პირობა და გავეცი დაპირებები, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შესრულდება“

– “ქართული ოცნების” ლიდერები საარჩევნი კამპანიის წარმოებისას ხშირად საუბრობენ ტურიზმსა და რეგიონების ტურისტულ პოტენციალზე? ამ მხრივ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს თუ შეუძლია, რამე დამაიმედებელი უთხრას ადგილობრივებს?
პირადად და განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის პოტენციალს. ათი ათასობით ტურისტი, იმ მილიონი ტურისტიდან, რომელსაც საქართველო უახლოეს პერიოდში ელოდება, სწორედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე „მოდის“. ის, რომ წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის შესახებ საქართველოში ყველამ იცის, ამ კუთხეს დამატებით უპირატესობას ანიჭებს. ეს ის მხარეა, რომელიც ულამაზესი სქურით, ,,ინწრას’’ ხეობითა და ,,ტობავარჩხილის“ უნიკალური ტბით უამრავ ტურისტს იზიდავს.

“ათი ათასობით ტურისტი, იმ მილიონი ტურისტიდან, რომელსაც საქართველო უახლოეს პერიოდში ელოდება, სწორედ წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე „მოდის“.

– როგორ ხედავთ ახალგაზრდების ჩართულობას თვითმმართველობის ეფექტური მართვის საქმეში?
ჩემს ექვსპუნქტიან გეგმაში ახალგაზრდა მეწარმეები და, ზოგადად, აქტიური მოქალაქეები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. ყველაზე მთავარი, გადაწყვეტილია – რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ჩართულობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. ანუ ყოველი წლის დასაწყისში ყველა აქტიური ახალგაზრდა თავის თავს დაინახავს თვითმმართველობის მართვაში. ყოველ წელს, გეგმურად მოხდება მათი საჭიროებისა და სურვილების ასახვა ხსენებულ სამოქმედო გეგმაში. მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, ესაა მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა გადამზადების პროგრამა. დასავლურ, ცივილურ სამყაროში მოხალისეობის განსაკუთრებული კულტურაა. ეს არის მომენტი, როდესაც კრიზისებისა და არამარტო კრიზისების დროს ახალგარდები მოხალისეობრივ საწყისებზე ერთიანდებიან და ერთვებიან თავიანთი ქალაქის და თანაქალაქელების მხარდასაჭერად. ასობით პატრიოტი წალენჯიხელი ახალგაზრდაა, რომელთა ენერგიასა და ენთუზიაზმს სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება. ამ პროექტების განხორციელება 30 ოქტომბერს, გამარჯვების გაფორმების შემდეგ დაიწყება.
„კიდევ  უკეთესი წალენჯიხა შეიძლება, მივიღოთ მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობას შევუწყობთ ხელს“

– წალენჯიხა ძალიან ახლოს არის ოკუპირებულ აფხაზეთთან. აქ ცხოვრობენ დევნილებიც. რა გავლენას ახდენს ეს მომენტი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე?
დიახ, ეს მომენტი ერთდროულად აჩენს გამოწვევებსაც და პერსპექტივებსაც. მაგალითად, სწორედ ამ ფაქტორის გამო, ბუნებრივად გაგვიჩნდა ამბიცია, რომ ჩვენი ქალაქი და თანაქალაქელების ცხოვრება ვაქციოთ  მისაბაძ მაგალითად ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეებისთვის. ამისთვის საჭიროა ერთობა, ბევრი შრომა და სიმშვიდე. საჭიროა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ რევანშიზმს, აგრესიასა და წარსულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები