რუმინეთის ქალაქ ვიქტორიაში, ბრაშოვის ოლქში რუმინულ-ქართული მეგობრობის პარკი გაიხსნა

დღეს რუმინეთის ქალაქ ვიქტორიაში, ბრაშოვის ოლქში რუმინულ-ქართული მეგობრობის პარკი გაიხსნა.
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქალაქ ვიქტორიაში 50-იან წლებში აშენდა ქართული სახლები, რომელთა პროექტის ავტორი იყო ცნობილი არქიტექტორი – ლონგინოზ სუმბაძე. 2019 წელს პარკის ტერიტორიაზე გაიხსნა ლონგინოზ სუმბაძის მემორიალური დაფა.
„კიდევ ერთი შესანიშნავი ამბავი გვაქვს საქართველო-რუმინეთის მეგობრობის გზაზე: დღეს ბრაშოვის ოლქის ქალაქ ვიქტორიაში, საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ვიქტორიას მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, საზეიმოდ გაიხსნა „საქართველო-რუმინეთის მეგობრობის პარკი“.
ქ. ვიქტორიას ერთ-ერთი მთავარი პარკისთვის სახელის მინიჭების ცერემონია ქალაქის მერის, ბერტა კამელია ელენას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის, რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანლის, რადუ-იულიან მოლნარისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა მიერ ქალაქის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საზეიმო პროგრამით გაგრძელდა“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: 1950-იან წლებში სახლები ვიქტორიას მთავარ ქუჩებზე გაშენდა ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ლონგინოზ სუმბაძის პროექტის მიხედვით. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა საელჩომ 2019 წლის სექტემბერში, ქ. ვიქტორიას პარკში გახსნა. სწორედ ამ პარკს ეწოდა დღეიდან „საქართველო-რუმინეთის მეგობრობის პარკი“. მალე მისი ადგილმდებარეობა Google-ის რუკაზეც იქნება დატანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები